FM97.5 / LIVE

TDI : სამინისტრო მუსლიმი მოსწავლისთვის თავსაფრის ტარების აკრძალვას ამართლებს

მთავარისიახლე, სამართალი 07.03.2017
არასამთავრობო ორგანიზაცია TDI განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოხის სკოლაში განხორციელებული ინსპექტირების დასკვნის სამართლებრივ ანალიზს აქვეყნებს.

TDI : სამინისტრო მუსლიმი მოსწავლისთვის თავსაფრის ტარების აკრძალვას ამართლებს
"ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის " (TDI) ინფორმაციით, განათლებისა სამინისტროს შიდა აუდიტის დასკვნა მოსწავლისთვის დირექტორის მიერ თავსაბურავის ტარების აკრძალვას ამართლებს. ორგანიზაციამ სამინისტროსგან დასკვნა 2 მარტს (პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფით) მიიღო. ორგანიზაციის ინფორმაციით, „მოწოდებულ დოკუმენტში დაფარულია თითქმის ყველა ფაქტობრივი გარემოება, რომელზე დაყრდნობითაც სამინისტრომ მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება, ასევე, ცალსახად არ წერია, აუკრძალა თუ არა დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მოსწავლეს თავსაფრის ტარება. ამის მიუხედავად, დასკვნაში წარმოდგენილია მსჯელობა, თუ რატომ არის გამართლებული მოსწავლისთვის თავსაფრის ტარების შეზღუდვა.“ – განმარტებულია TDI–ის მიერ.

„სამხრეთის კარიბჭე“ გთავაზობთ ამონარიდებს TDI–ის მიერ გამოქვეყნებულ მასალიდან:

"განათლების სამინიტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული ინსპექტირების დასკვნის სამართლებრივი ანალიზი.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის მიხედვით, თეონა ბერიძის მიმართ დისკრიმინაცია არ დგინდება შემდეგი არგუმენტით:

o თავსაფრის გამოყენება მოხეს საჯარო სკოლაში ეზღუდებოდა არა მხოლოდ თეონა ბერიძეს, არამედ ყველა მოსწავლეს, შესაბამისად, დისკრიმინაციის შემადგენლობის ერთ-ერთი ელემენტი, პირის არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩაყენება ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით, სახეზე არ გვაქვს.

ზოგადი განათლების შესახებ კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს, რომ დაუშვებელია სკოლაში მიღებისას რაიმე სახის დისკრიმინაცია. TDI-ის შეფასებით, განათლების სამინისტროს უნდა ემსჯელა, რამდენად დაცულია სკოლაში სხვადასხვა აღმსარებლობის მქონე მოსწავლეების უფლებები და ხომ არ აქვს ადგილი მათ მიმართ დიფერენცირებულ მოპყრობას. სამინისტროს არ შეუფასებია, ეზღუდებათ თუ არა სხვა მოსწავლეებს, მათ შორის დომინანტი რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლებს, რელიგიური ატრიბუტიკის ან სიმბოლოების ტარება, ან რელიგიური იდენტობის სხვა ფორმით გამოხატვა. დასკვნიდან გამომდინარეობს, რომ დისკრიმინაციული მიდგომა თავსაფრის ტარებასთან დაკავშირებით შეეხება არამხოლოდ თეონა ბერიძეს, არამედ ვრცელდება ყველა მუსლიმ მოსწავლეზე, რომელიც სკოლაში თავსაბურავით ტარებას გადაწყვეტს.

შიდა აუდიტის დასკვნა ამართლებს საჯარო სკოლაში თავსაფრის აკრძალვას შემდეგი არგუმენტებით:

o „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საჯარო სკოლის ტერიტორიაზე რელიგიური სიმბოლოები არ უნდა იყოს გამოფენილი არააკადემიური დანიშნულებით. სამინისტროს ინტერპრეტაციით, თავსაფარი გაიგივებულია იმ რელიგიურ ატრიბუტიკასთან, რომლის განთავსებაც სკოლაში კანონით აკრძალულია.
TDI-ის შეფასებით, სამინისტრო ახდენს კანონის არასწორ ინტერპრეტაციას. მოცემული ნორმა არ ვრცელდება მოსწავლის მიერ რელიგიური ატრიბუტიკის, მათ შორის თავსაბურავის ტარებაზე, რადგან აღნიშნული ნორმით იკრძალება სკოლაში ჯვრების, ხატების და სხვა სიმბოლოების არააკადემიური დანიშნულებით განთავსება და არა მოსწავლის მიერ რელიგიური შინაარსის სიმბოლოების თუ სამოსის, მათ შორის თავსაფრის ან ჯვრის ტარება. ასევე, უგულებელყოფილია ამავე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის მიხედვითაც დაუშვებელია, მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს დაეკისროთ ისეთი ვალდებულებების შესრულება, რომლებიც ძირეულად ეწინააღმდეგება მათ რწმენას, აღმსარებლობას ან სინდისს.

o დასკვნაში აღნიშნულია, რომ „ზოგადი განათლების შესახებ კანონის“ მე-3 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით საქართველოში ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიზნებია მოსწავლის ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე, თავისუფალ პიროვნებად ჩამოყალიბებისათვის საჭირო პირობების შექმნა. მოსწავლის „ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება“ კი შეუძლებელია, თუ სკოლა არ განცალკევდება რელიგიური და პოლიტიკური გაერთიანებებისგან.

TDI-ის შეფასებით, მოცემული არგუმენტით არათუ ვერ საბუთდება მოსწავლისთვის თავსაფრის ტარების აკრძალვა, არამედ იგი პირდაპირ ეწინააღმდეგება ზოგადი განათლების მიერ დასახულ მიზნებს. ლიბერალური ფასეულობების ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი სწორედ რელიგიის თავისუფლებაა და ამ კუთხით ნებისმიერი აკრძალვა უნდა ისახავდეს ლეგიტიმურ მიზანს. „ზოგადი განათლების შესახებ კანონის“ მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, სკოლა ვალდებულია დაიცვას და ხელი შეუწყოს მოსწავლეებს, მშობლებს და მასწავლებლებს შორის შემწყნარებლობისა და ურთიერთპატივისცემის დამკვიდრებას, განურჩევლად მათი სოციალური, ეთნიკური, რელიგიური, ლინგვისტური და მსოფლმხედველობრივი კუთვნილებისა.

o დასკვნაში ვკითხულობთ: „სასკოლო სივრცეში მყოფ პირთა ნაწილი თავსაფრის ტარების თემას უკავშირებს სასკოლო სივრცის გარეთ მიმდინარე პროცესებს, კერძოდ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში რელიგიური მნიშვნელობის ობიექტის მშენებლობის საკითხს, შესაბამისად სკოლაში საგანმანათლებლო პროცესის შეუფერებლად და რაიმე ნიშნით დაპირისპირების გარეშე წარმართვის უზრუნველსაყოფად სკოლა უფლებამოსილია იმსჯელოს და კანონით დადგენილი წესით დაადგინოს დაპირისპირების გამომწვევი შესაძლო მიზეზების შემზღუდველი ნორმები და მოსთხოვოს შინაგანაწესის რეგულაციებს დაქვემდებარებულ პირებს ამ შეზღუდვების დაცვა“.

TDI-ის შეფასებით, მოხეს ე.წ. სადავო ნაგებობასთან დაკავშირებული მოვლენების კონტექსტში კონკრეტული მოსწავლისთვის რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის გამართლება სამართლებრივად დაუსაბუთებელია. მსჯელობიდან გამომდინარეობს, რომ ინდივიდის მიერ რელიგიური თვითგამოხატვა კონფლიქტის მაპროვოცირებელია. მსგავსი მიდგომა რელიგიური ჯგუფის მარგინალიზებას და მის მიმართ ნეგატიური განწყობების გავრცელებას უწყობს ხელს. თუკი, სამინისტრო სოფელ მოხეში რელიგიური კონფლიქტის გამომწვევი მიზეზებითა და არსებული სოციალური კონტექსტით ინტერესდება, შიდა აუდიტის დეპარტამენტს პირველ რიგში უნდა შეესწავლა, რა გავლენას შეიძლება ახდენდეს ამ საკითხთან დაკავშირებით სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის აქტივიზმი და განცხადებები. როგორც ცნობილია, სკოლის დირექტორი, მართლმადიდებელი მრევლის წევრის სახელით, აქტიურად მონაწილეობდა მოხეს სადავო ნაგებობის საკითხთან დაკავშირებულ აქციებში და მუსლიმების წინააღმდეგ საჯარო განცხადებებსაც აკეთებდა. ამდენად, განათლების სამინისტროს მსჯელობის საგანი შეიძლება გამხდარიყო საკითხი, თუ რამდენად აკმაყოფილებს დირექტორი პროფესიული ეთიკის სტანდარტებს იმ სკოლაში, სადაც მოსწავლეთა უმრავლესობა მუსლიმია.

o დასკვნის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ სკოლის შინაგანაწესი არ კრძალავს კონკრეტულად თავსაფრის ტარებას, ასეთი შეზღუდვა მაინც შეიძლება დაწესდეს სხვა ჩანაწერებით გათვალისწინებული მიზნებიდან გამომდინარე, როგორიცაა მოსწავლისთვის შეღებილი თმით სიარულის აკრძალვა.

მოხეს საჯარო სკოლის შინაგანაწესის 23-ე მუხლის მე-5 პუნქტით აკრძალულია მოსწავლისათვის სკოლაში გამოცხადდეს შეღებილი თმით. დასკვნის მიხედვით, თავსაფრის ტარების შემთხვევაში შეუძლებელია დადგინდეს იცავს თუ არა მოსწავლე შინაგანაწესის აღნიშნულ მოთხოვნას. თავსაბურავის ტარებასა და სკოლაში შეღებილი თმით სიარულს შორის მიზეზშედეგობრივი კავშირი აბსურდულად ჟღერს, მოკლებულია სამართლებრივ მსჯელობასა და დასაბუთებას.

o დასკვნა თავსაფრის ტარების აკრძალვას ამართლებს ზოგიერთ სახელმწიფოში არსებული პრაქტიკიდან მაგალითების მოხმობის საფუძველზე, სკოლაში თავსაბურავის ტარება გამომდინარეობს სეკულარული სახელმწიფოს პრინციპიდან და არ ზღუდავს რელიგიის თავისუფლებას.

TDI-ის შეფასებით, კომპარატიული ანალიზისთვის აუცილებელია კონკრეტული ქვეყნების სოციალური, პოლიტიკური და რელიგიური კონტექსტის გათვალისწინება. პირველ რიგში კი განხილული უნდა იყოს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტები.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი იცავს რელიგიისა და რწმენის თავისუფლებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ განსაზღვრა სახელმწიფოში რელიგიის თავისუფლების მნიშვნელობა, ფარგლები და ჩარევის ლეგიტიმურობა. „ რწმენის თავისუფლება ერთგვარად მსოფლმხედველობის თავისუფლებაა, რადგან შესაძლებლობა, იცხოვრო და განვითარდე საკუთარი ინტერესების, სურვილის, გემოვნების, წარმოდგენების და შეხედულებების, ამასთან შესაძლებლობების შესაბამისად, ქმნის ადამიანის „მე“-ს, მის შინაარსს, პიროვნებას, განსაზღვრავს მის დანიშნულებას პირად, კერძო გარემოცვასა თუ საზოგადოებაში, ორიენტაციას აძლევს მის ცხოვრებას. ამიტომაც ამ თავისუფლებაში უხეში, გადამეტებული ჩარევა [...] იწვევს მის სულიერ ტანჯვას“. „ზოგადად, პიროვნების იძულება, მოიქცეს თავისი რწემენის საწინააღმდეგოდ, ცალკეულ შემთხვევებში, შესაძლოა რწმენის უარყოფის ეკვივალენტური იყოს“. კონსტიტუციით გათვალისწინებული ნორმა აღმჭურველია და რელიგიის თავისუფლებაში მოიცავს რელიგიის გამოხატვის, მათ შორის რელიგიური ატრიბუტიკის და სამოსის ტარების უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი რწმენის თავისუფლების შეზღუდვას დასაშვებად მიიჩნევს „მისი გამოვლინების შემთხვევაში მხოლოდ სხვათა უფლებების და თავისუფლებების დაცვის მიზნით“

[sknews.ge]


30.06.2020 საფეხური: როგორ ჩატარდება ეროვნული გამოცდები [აუდიო]

27.06.2020 აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათის ამობეჭდვა დღეიდან შეუძლიათ

26.06.2020 სამცხე–ჯავახეთიდან აბიტურიენტები სომხეთში წასვლას შეძლებენ – სომხური მედია

26.06.2020 სომეხი აბიტურიენტები ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად ერევანში ვერ მიდიან

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.07.2020 პოლიციელებს ხელფასი 125 ლარით გაეზარდათ

01.07.2020 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის პენსია 30 ლარით იზრდება

01.07.2020 შშმ პირებს პენსია 30 ლარით ეზრდებათ

30.06.2020 სარო – დევების სამფლობელო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

TDI მიმართავს განათლების სამინისტროს შეისწავლოს მოხეს სკოლაში მომხდარი
მოხის საჯარო სკოლის საქმეზე EMC შიდა აუდიტის დასკვნას ასაჩივრებს
სამინისტრო: მოხის სკოლის მოსწავლე თუ თვლის, რომ მისი უფლება იზღუდება, შეუძლია მომართოს სამინისტროს შიდა აუდიტს
ომბუდსმენი განათლების სამინისტროს მოუწოდებს რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევებზე კონკრეტული ღონისძიებები გაატაროს
დირექტორის რჩევა თუ რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია – ხმაური მოხეს სკოლაში [Video]
სამინისტრომ მოხეში მუსლიმი მოსწავლის დისკრიმინაციის ფაქტი ვერ დაადგინა
EMC და GDI მოხეში სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტს შეისწავლიან