FM97.5 / LIVE

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად ბესიკ ბლიაძე დაინიშნა

მთავარიპოლიტიკა 11.03.2013
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე გამგებლის მოვალეობის შემსრულებელად ბესიკ ბლიაძე აირჩიეს. საკრებულოს დეპუტატებიდან გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა მხოლოდ მალხაზ გიქოშვილმა გააპროტესტა

 ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად ბესიკ ბლიაძე დაინიშნა

საკრებულოს 26 დეპუტატიდან სხდომას 25 ესწრებოდა. მათ შორის 24-მა დეპუტატმა ბესიკ ბლიაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. წინააღმდეგი მხოლოდ ერთი დეპუტატი იყო. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ და საკრებულოს დეპუტატმა მალხაზ გიქოშვილმა საკრებულოს სხდომაზე გამგებლის მოვალოების შემსრულებლად ბესიკ ბლიაძის დანიშვნა გააპროტესტა.

- ”ასე ყოველ სამ თვეში ცვალოთ გამგებელი?! ერთი რამე მაინტერესებს, ჩვენ პირად სარგებლობაზე ვართ აწყობილი, თუ ხალხზე უნდა ვიზრუნოთ?! მოვა ახალი გამგებელი, სამი თვე იმუშავებს და წავა. მერე კიდევ ახალი მოვა და ასე შემდეგ. შემოვდივარ წინადადებით, როგორც რიგითი დეპუტატი, რომ ჩავატაროთ კონკურსი. არსებობს მოადგილე და დროებით მან შეასრულოს გამგებლის მოვალეობა. მანამდე დეპუტატები დავსხდეთ და საკონკურსო პირობები ჩამოვაყალიბოთ”, - განაცხადა მალხაზ გიქოშვილმა საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, რომელმაც პროტესტის ნიშნად საკრებულოს სხდომა დატოვა.

სხდომაზე განმარტეს, რომ საკრებულოს თავმჯდომარეს უფლება აქვს დაასახელოს გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი. თუმცა, კანონის მიხედვით მოვალეობის შემსრულებლად ერთიდაიგივე პიროვნება ორჯერ არ უნდა დასახელდეს.

- ”როგორც საკრებულოს თავმჯდომარეს, მაქვს სრული უფლება, წამოვაყენო ნებისმიერი კანდიდატურა. შესაბამისად, ვიდრე საკონკურსო კომისია შეიქმნება, დროებით მოვალეობის შემსრულებლად ბესიკ ბლიაძეს ვასახელებ”, - აცხადებს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი.

მისივე თქმით, ბესიკ ბლიაძე აღნიშნულ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარებამდე დარჩება. თუმცა, რამდენ ხანს გაგრძელდება აღნიშნული პროცესი საკრებულოს თავმჯდომარე ვერ აკონკრეტებს.

- ”საკრებულოს წინა სხდომაზე საკონკურსო წესდება დავამტკიცეთ. მაგრამ, ეს დოკუმენტი იუსტიციის სამინისტროში გატარებას და შესაბამის იურიდიულ პროცედურებს საჭიროებს. კომისიის წესდება აღნიშნული პროცედურების შემდეგ დამტკიცდება, შესაბამისად ჩამოყალიბდება საკონკურსო-საატესტაციო კომისიაც, რის შემდგომაც ყველა საჯარო მოხელის დანიშვნა კონკურსის წესით მოხდება”, - განმარტავს ოლეგ სანდროშვილი.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს ბესიკ ხითარიშვილს თანამდებობაზე ყოფნის ვადა 7 მარტს ამოეწურა. შვიდი მარტიდან დღემდე კი გამგებლის ფუნქციებს მისი მოადგილე თამარ გოგოლაძე ასრულებდა. დღეიდან ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობას ბესიკ ბლიაძე შეასრულებს, რომელსაც ბოლო სამი თვის განმავლობაში ახალციხის ციხის დირექტორის თანამდებობა ეკავა.

ბესიკ ბლიაძე 1975 წელს ახალციხის მუნიციპალიტეტში დაიბადა. 1992 წელს დაამთავრა ახალციხის მეხუთე საშუალო სკოლა, რის შემდგომაც სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესხეთის ფილიალში გააგრძელა. წლების განმავლობაში სხვადასხვა საწარმოებში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა.

- ”მეტნაკლებად ვიცი რა პრობლემებია ახალციხის მუნიციპალიტეტში, რადგან აქ დაბადებული და გაზრდილი ვარ. უკეთ გავეცნობი ყველა პრიორიტეტს, გადავხედავთ და ყველაფერს გავაკეთებ ხალხისთვის, რომ მათ იგრძნონ რაღაც სიკეთე და ცვლილება ქვეყანაში, - ამბობს ბესიკ ბლიაძე და სამომავლო გეგმებზე ჯერ არ საუბრობს - ჯერ არ ვიცი რა მოხდება, ალბათ რაღაც გარკვეულ ცვლილებებსაც განვახორციელებ”.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე მისი კანდიდატურა აქტიურად განიხილებოდა სამი თვის წინაც. თუმცა, მაშინ გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად საკრებულოს თავმჯდომარემ ბესიკ ხითარიშვილი დაასახელა. რომელიც საკრებულოს დეპუტატებმა ფარული კენჭისყრით აირჩიეს. 26 დეპუტატიდან ხითარიშვილის კანდიდატურას მხარი 16-მა დაუჭირა.

რაც შეეხება ბესიკ ხითარიშვილის სამომავლო გეგმებს, ამბობს, რომ შორს წასვლას არ აპირებს.

- ”ეს თანამდებობა გარკვეული ვადით მეკავა, შესაბამისად ვადის ამოწურვის გამო ავტომატურად შემიწყდა უფლებამოსილება. ახლა მიდის გადაბარების პროცესი. სად წავალ ამას უახლოეს მომავალში გაიგებთ, შორს წასვლას ნამდვილად არ ვაპირებ”, - ამბობს ხითარიშვილი.



[თამარ თოთაძე, ახალციხე]


10.12.2019 საფეხური: რა იცვლება საჯარო სკოლებში [აუდიო]

10.12.2019 როდის დაიწყება სკოლებში ზამთრის არდადეგები

09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.12.2019 ‘ეს არის სპორტსმენის არდაფასება’ - ბექა ბერძენიშვილი ახალციხის მერიაზე

12.12.2019 ბორჯომსა და ბაკურიანს ევროპის ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა

12.12.2019 მთაში მცხოვრები პენსიონერები გაზრდილ პენსიას მიიღებენ

11.12.2019 მესხეთის ქუჩაზე დაზიანებული გზის და ცხაურების გაკეთებას ითხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

მსგავს თემაზე


გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად ბესიკ ხითარიშვილი დაინიშნა
ახალციხის ციხეს დირექტორი არ ჰყავს
საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე
ახალციხის მუნიციპალიტეტში გამგებელი იცვლება
ბორჯომში გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი აირჩიეს

გამგებელმა მოადგილე შეცვალა