სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

მიტროპოლიტ სერაფიმეს გასაიდუმლოებული წასვლა და ორად გაყოფილი მრევლი

მთავარისიახლე, საზოგადოება 25.01.2017
ბორჯომის ყოფილ ეპისკოპოსს არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის მცდელობაში ადანაშაულებენ; ამბავი, რის გამოც ეკლესია ორად გაიყო, საპატრიარქომ და სახელმწიფომ კი დუმილი ამჯობინა. რა კავშირი აქვთ ახალგაზრდა გოგონებს მეუფე სერაფიმეს ეპარქიიდან წასვლასთან;

მიტროპოლიტ სერაფიმეს გასაიდუმლოებული წასვლა და ორად გაყოფილი მრევლი

არასრულწლოვანი გოგონას ოჯახი და ბორჯომში მრევლის ნაწილი მეუფე სერაფიმე ჯოჯუას 15 წლის მოზარდთან სქესობრივი კავშირის დამყარების მცდელობაში ადანაშაულებს. მათი თქმით, ეპისკოპოსს ცხრა თვის წინ ეპარქიის დატოვება სწორედ ამ მიზეზით მოუხდა.

„მეუფე ამ ოჯახთან მეგობრობდა, ხშირად სტუმრობდა, ტრაპეზობდა, თან ამ ბავშვს მესიჯებს წერდა. ეს ფაქტები ბუნებრივია არსებობს. მესიჯები დედამ ნახა, პირველად. მან ეჭვი მაშინ აიღო, როცა ზღვაზე ყოფნისას გოგონამ მეუფის მესიჯი მიიღო, რომ „კუპალნიკში“ გადაღებული ფოტო გაეგზავნა“, – გვიყვებიან ბორჯომში ადგილობრივები, რომლებიც ვინაობის გამჟღავნებისგან თავს იკავებენ.

გოგონას დედა მომხდარის შესახებ ღიად არ საუბრობს, ამბობს, რომ ამის ერთადერთი მიზეზი მისი არასრულწოვანი შვილია, შესაბამისად, დეტალების მოყოლისგან თავს იკავებს. თუმცა მომხდარს „სამხრეთის კარიბჭესთან“ პირად საუბარში ადასტურებს და ამბობს, რომ მესიჯები ნამდვილად ნახა. გარდა მესიჯებისა დედას სხვა სარწმუნო არგუმენტებიც აქვს და მან ამის შესახებ საპატრიარქოში განაცხადა, რადგან „მეუფესთან საუბარი სცადა, მაგრამ მან მოსმენა არ ისურვა“.

მრევლის დაპირისპირების პირველი ნიშნები

მეუფე სერაფიმემ ბორჯომ–ბაკურიანის ეპარქია 2016 წლის 24 აპრილს დატოვა. რა გახდა ამის მიზეზი, მაშინ ეს არც სერაფიმეს და არც საპატრიარქოს არ განუმარტავს. გავრცელებულ განცხადებაში საპატრიარქომ მხოლოდ ის მიუთითა, რომ „მიტროპოლიტი პირადი თხოვნის საფუძველზე განთავისუფლდა“.

ამ გათავისუფლების მიზეზი, რომ მრევლის მხრიდან უმძიმესი ბრალდებები იყო, ეს პირველად საჯაროდ 17 იანვარს გაჟღერდა. ამის შესახებ განცხადება გერმანიაში მოღვაწე სამმა მართლმადიდებელმა მღვდელმა გაავრცელა. სოციალურ ქსელში ამის გამოქვეყნების საბაბი იყო ის, რომ სერაფიმე ჯოჯუა გერმანია–ავსტრიის ეპისკოპოსად დაინიშნა: „გამოვთქვამთ პროტესტს და ვაცხადებთ, რომ არ დავექვემდებარებით მიტროპოლიტ სერაფიმეს“, – ვკითხულობთ განცხადებაში, რომელსაც ხელს ერთ–ერთი დეკანოზი თამაზ ლომიძე აწერს.

მიტროპოლიტ სერაფიმეს გასაიდუმლოებული წასვლა და ორად გაყოფილი მრევლი ამ წერილის გამოქვეყნების შემდეგ, უკვე ღიად გამოჩნდა, რომ ბორჯომში, მეუფეს წასვლის გამო, მრევლი და სასულიერო პირები ორად იყვნენ გაყოფილი. მეუფეს მხარდამჭერებმა 21 იანვარს ქალაქის ცენტრში აქცია გამართეს და თამაზ ლომიძისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვეს: „ჩვენ არ გაგვიძევებია მეუფე ბრალდებებით, ეს სიცრუეა და ქუჩაში ამიტომ გამოვედით“, – განაცხადეს აქციაზე გამოსულებმა.

მეუფეს მხარდასაჭერად ბორჯომელი ლამზირა ლურსმანაშვილი აქციაზე არ მისულა, თუმცა ფიქრობს, რომ მეუფეს შესახებ გავრცელებული ბრალდებები, ჭორია: „იმ გოგონას ოჯახსაც ვიცნობ, ვისზეც საუბრობენ, ძალიან კარგი ხალხია. არ ვიცი რა მოხდა“.

მიტროპოლიტ სერაფიმეს გასაიდუმლოებული წასვლა და ორად გაყოფილი მრევლი მეუფე რომ ბორჯომში დიდი ავტორიტეტი იყო და ინტრიგების მსხვერპლი გახდა, ამას ადგილობრივი ნოდარ მაღრაძეც აცხადებს: „ბავშვს ეხება საქმე, მაგრამ მართალი არ იქნება. ინტრიგანები ყველაგან არსებობენ“.

მაღრაძისა და ლურსმანაშვილის პოზიციას იზიარებს ასევე ბორჯომში მცხოვრები სედა სეროფოვიც: „გოგონა ვისზეც საუბრობენ, ძალიან კარგი ოჯახის შვილია. მე ეს ამბავი უფრო პოლიტიკური მგონია, ან სამღვდელოებაში წავიდა დაპირისპირება“.

მიტროპოლიტ სერაფიმეს გასაიდუმლოებული წასვლა და ორად გაყოფილი მრევლი
სედა საფაროვი

მომხდარის მეორე ვერსია – პოლიტიკური მოტივი

რატომ, ან რა ფორმით შეიძლება უკავშირდებოდეს მეუფე სერაფიმეს გარშემო მიმდინარე მოვლენები პოლიტიკასა და სამღვდელოებაში არსებულ დაპირისპირებას, ამაზე ვრცლად მეუფეს მხარდამჭერი ლია გულიკაშვილი საუბრობს. იგი 21 იანვარს გამართული აქციის ერთ–ერთი აქტიური მონაწილე იყო.

მიტროპოლიტ სერაფიმეს გასაიდუმლოებული წასვლა და ორად გაყოფილი მრევლი მისი თქმით, მეუფე მამაოებმა შეიყვანეს შეცდომაში და ამ ამბის გავრცელების შემდეგ უთხრეს, რომ ქალაქი ჩაქოლვას უპირებდა: „ამიტომ, აღარ იბრძოლა და წავიდა. ერთ–ერთი, ვინც ეს უთხრა, მამა იერომიელი იყო“.

არქიმანდრიტი იერომიელ ფილიშვილი ტიმოთეს უბანში, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარია. გულიკაშვილი სწორედ მას უკავშირებს სერაფიმეს წასვლას: „იერომიელი არასდროს ემორჩილებოდა მეუფეს, სამეუფეო წირვებზეც არ დადიოდა. გარდა მაგისა, მას და კიდევ „მწვანე მონასტრის“ მამაოს, მრევლი სულ „ნაციონალები“ ჰყავდათ. მეუფეს კიდევ „ნაციონალების“ პოლიტიკა არ მოსწონდა, იმათ დაჭერილებთან ციხეზე შედიოდა. ერთხელ უგულავაზე რომ ცუდი ილაპარაკა, ისიც ჩაუწერეს ჩუმად ჟურნალსიტებმა. ამიტომ მოშორება უნდოდათ“.

მამა იერომიელსა და მეუფე სერაფიმეს შორის რომ გარკვეული დაძაბულობა არსებობდა, ამას გარკვეულწილად ადასტურებს ბორჯომის ყოფილი გამგებელი და ბორჯომში დეპუტატობის ყოფილი კანდიდატი „ნაციონალებიდან“ მამუკა ხვედელიანი: „გამგეობიდან ეკლესიისთვის გამოყოფილი თანხიდან მამა იერომიელს ერთ თეთრს არ აძლევდნენ. მაგრამ ეგ ამბავი საჯარო არასდროს გამიხდია“.

თუმცა ის მომხდარის პოლიტიკასთან კავშირს გამორიცხავს: „სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ თუ რაიმე მორალური ან მატერიალური მხარდაჭერა არსებობს, ყველაფერი ჰქონდა მეუფეს „ნაციონალების“ დროს. „ნაციონალების“ მხრიდან მის მიმართ არასდროს რაიმე უკმაყოფილება არ ყოფილა, პოლიციის უფროსიც ვიყავი, ყველა ინფრომაცია ჩემთან იყრიდა თავს და ეს ვიცი ზუსტად“.

ხვედელიანი 1998 წლიდან იერომიელის მრევლია, თუმცა ამბობს, რომ მეუფე სერაფიმე მისი ოჯახის მეგობარი იყო და სახლში მათთანაც ხშირად მიდიოდა.

მიტროპოლიტ სერაფიმეს გასაიდუმლოებული წასვლა და ორად გაყოფილი მრევლი
ტიმოთესუბანი

მამა იერომიელი


„ვერ ნახავთ ჩემ ფოტოებს „ნაციონალების“ აფიშებთან. ყველაზე კარგად „ნაციონალებთან“ თავად სერაფიმე იყო. მრევლს პოლიტიკური ნიშნით არასოდეს ვარჩევ, მაგრამ არცერთი მთავრობის პირობებში არ მყოლია იმდენი მრევლი ხელისუფლებიდან, რამდენიც ახლა. მაგალითად, გედევან ფოფხაძე წლებია შობის მარხვებში მსტუმრობს“, – ამბობს არქიმანდრიტი იერომიელი.

მიტროპოლიტ სერაფიმეს გასაიდუმლოებული წასვლა და ორად გაყოფილი მრევლი იგი იმას ადასტურებს, რომ „ნაციონალების“ დროს ბიუჯეტიდან მისთვის „კაპიკი არ გადაურიცხავთ“, თუმცა, ისევე როგორც ხვედელიანი, ისიც მომხდარის პოლიტიკასთან დაკავშირებას კატეგორიულად გამორიცხავს. ასევე აცხადებს, რომ სამეუფეო წირვებს ყოველთვის ესწრებოდა: „არა ერთი ჩანაწერის ამოღება შეიძლება, სადაც მეუფეს დაბადებისდღეებზე ვარ“.

თუმცა, მეუფე სერაფიმეს მისამართით იგი გულისწყვეტით მაინც საუბრობს: „როცა მეუფე წავიდა აქედან, მაშინ გავიგე რომ თურმე რაღაც პრობლემა არსებობდა, ქალაქში საუბრობდნენ ამაზე და მეწყინა, სხვისგან ეს არ უნდა გამეგო, არქიმანდრიტი ვარ და შეიძლებოდა, რომ მეუფეს ამის შესახებ ჩემთვის, როგორც მღვდლებს შორის უფროსი ძმისთვის, ეთქვა“.

მიუხედავად ამისა, იგი ამის შემდეგ მეუფეს თბილისში შეხვდა და როგორც თავად ამბობს, გვერდში დგომაც აღუთქვა. არქიმანდრიტი იერომიელი მორალური მხარდაჭერის გამოსახატად გოგონას ოჯახშიც მივიდა.

„ახლა 16 წლისაა, ძალიან კარგი ბავშვია. ოჯახი ამ თვეების განმავლობში ღირსეულად იქცეოდა, ეს ამბავი საჯარო მათ არ გაუხდიათ. თან მოზარდს ეხება ეს საქმე, მის სულიერ პრიზმაში ეს ყველაფერი სხვაგვარად გარდატყდება და ცდილობენ ამ ვითარებას მოარიდონ“, – ამბობს არქიმანდრიტი იერომიელი და ამატებს, რომ გოგონას ოჯახი მეუფეს არასდროს დაპირისპირებია.

მხარეების პოზიცია


არ ეთანხმებიან მამა იერომიელს ის სასულიერო პირები და მრევლი, რომლებიც 21 იანვარს გამართული აქციის პათოსს იზიარებენ.

„თუ ამ გოგონას დედამ არ გაასაჯაროვა ეს ამბავი, აბა ვინ თქვა?!“ – კითხულობს ბორჯომის ღვთისმშობლის ტაძარის წინამძღვარი ანდრია ტარიადისი.

მიტროპოლიტ სერაფიმეს გასაიდუმლოებული წასვლა და ორად გაყოფილი მრევლი შეკითხვაზე, თავად როგორ მოიქცეოდა, გოგონას დედის ადგილზე, გვპასუხობს: „ამისთვის არსებობენ მაღალი იერარქიის წარმომადგენლები, მასთან წავიყვანდი მეუფეს და ქალაქში არ ვილაპარაკებდი ამაზე“.

მამა ანდრია გოგონას დედის საქციელთან ერთად დეკანოზ თამაზ ლომიძის საქციელსაც იწუნებს, რადგან მან ავსტრია–გერმანიის ეპარქიაში სერაფიმეს მიღებაზე უარი თქვა და ეს ამბავი საჯაროდ განაცხადა: „არავის აქვს უფლება უწმინდესის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არ დაემორჩილოს“.

მამა ანდრიას პოზიციას არქიმანდრიტი იერომიელი არც ამ კონტექსტში იზიარებს: „დეკანოზ თამაზის საქციელს მე ვერ განვიკითხავ, მაგრამ ის ისე მოიქცა, როგორც მისმა მღვდლურმა და კაცურმა ღირსებამ ჩათვალა საჭიროდ“.

მიტროპოლიტ სერაფიმეს გასაიდუმლოებული წასვლა და ორად გაყოფილი მრევლი ტიმოთეს უბანში მრევლს დეკანოზ ლომიძის პოზიცია არა, თუმცა მათი ნამდვილად უკვირთ, ვინც 21 იანვარს მეუფეს მხარდასაჭერად აქციაზე გამოვიდა.

„ალბათ არ იციან რაში ადანაშაულებენ მეუფეს, რომ სცოდნოდათ, აქციაზე არ გამოვიდოდნენ“, – ამბობს ტიმოთეს უბანის მრევლი ქეთევან ლომიძე.

„რომ გამეგო სასულიერო პირმა ასეთი რამ გააკეთა, მის მხარდასაჭერად აქციაზე არავითარ შემთხვევაში არ გავიდოდი. შვილებს ვზრდი მე და არ მინდა, რომ ისინი სხვისი ხელის გასაშვერები გახდნენ“, – ვერ ფარავს აღშფოთებას ასევე ტიმოთეს უბნის მრევლი ვლადიმერ ლომიძე.

მიტროპოლიტ სერაფიმეს გასაიდუმლოებული წასვლა და ორად გაყოფილი მრევლი
ვალდიმერ ლომიძე

როგორც ამავე ტაძარში გვიყვებიან, მას შემდეგ, რაც მეუფე წავიდა, ბორჯომში მრევლი მოძღვრების მიხედვით გაიყო: „მხოლოდ იმას ვითხოვთ, რომ ტალახს ნუ გვესვრიან, მშვიდად ლოცვის საშუალება მოგვცენ. ერთი რამ ცხადია, ეს ამბავი რომ მართალი არ ყოფილიყო, მეუფე ეპარქიას არ დატოვებდა. მაგრამ, ნუ გვრევენ მრევლს ამ ყველაფერში, კომპეტენტურმა ორგანოებმა შეისწავლონ მომხდარი და სიმართლე გაარკვიონ“.

ერთადერთი ის რაზეც ორივე მხარე თანხმდება, არის ის, რომ ეს ამბავი ქუჩაში გასარჩევი არ არის და მომხდარზე პოზიცია საპატრიარქომ უნდა დააფიქსიროს.

„ჩვენი ბრძოლა არ არის პიროვნებების წინააღმდეგ, ჩვენი ბრძოლა არის ბოროტის წინააღმდეგ. უნდა ვეცადოთ რომ მრევლი ერთმანეთს ფიზიკრუად არ დაუპირისპირდეს. ჩვენ მეტი მოგვეთხოვება“, – ამბობს არქიმანდრიტი იერომიელი.

სხვა გოგონები

მიუხედავად ბორჯომში განვითარებული მოვლენებისა, საპატრიარქოში ამ დრომდე არც განცხადებას ავრცელებენ და არც კომენტარს აკეთებენ.

„ამ თემაზე არ ვსაუბრობთ“, – გვითხრა საპატრიარქოს პრესმდივანმა მიქაელ ბოტკოველმა და ტელეფონი გაგვითიშა.

„სამხრეთის კარიბჭემ“ დაკავშირება ვერც ბორჯომის ყოფილ მიტროპოლიტთან შეძლო.

„რომ გესაუბროთ რა უნდა გითხრათ, თავი იმართლოს?!“ – გვეკითხება არქიმანდრიტი ფოკა მარკოზია, რომელმაც ბორჯომ–ბაკურიანის ეპარქია სერაფიმესთან ერთად დატოვა.

მისი თქმით, მეუფეს სუსტი ხასიათი აქვს, არ არის მებრძოლი ბუნების: „სწორედ ამის გამოა, რომ უკვე ორჯერ მოუწია გადადგომა, პირველად როცა ბორჯომში გავრცელებული ჭორების გამო ეპარქია დატოვა და მეორედ, როცა გერმანიიდან ფეისბუკზე დაწერილი ინფორმაციის გამო იქ ეპისკოპოსობაზე უარი თქვა და განცხადება დაწერა“.

მიტროპოლიტ სერაფიმეს გასაიდუმლოებული წასვლა და ორად გაყოფილი მრევლი მეუფე სერაფიმემ არქიმანდრიტ ლომიძის მიერ გავრცელებული განცხადების შემდეგ წერილი თავადაც გაავრცელა. აქ იგი საუბრობდა იმის შესახებ, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე გერმანიაში წასვლაზე უარს ამბობდა. თუმცა, 15 წლის გოგონასთან დაკავშირებით გავრცელებულ ბრალდებებზე განმარტება სერაფიმეს არც აქ უცდია.

მისი მეგობარი, არქიმანდრიტი ფოკა, ამ გოგონასთან დაკავშირებთ გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს. თუმცა, იმას რომ მეუფეს საპატრიარქოს დატოვება ახალგაზრდა გოგონების გამო მოუხდა, გვიდასტურებს.

„მეუფეს ძალიან ხალასი ხასიათი აქვს და კონტაქტური ადამიანია, განსაკუთრებით ახალგაზრდებათნ, ამიტომ ხშირად მოდიოდნენ გოგოები, მითუმეტეს ზაფხულობით,– სტუმრები, ტურისტები. ბუნებრივია, ყველა მრევლი არ იყო, მათ მოსწონდათ მეუფესთან საუბარი, კითხვების დასმა“, – გვიყვება არქიმანდრიტი ფოკა და ამატებს, რომ ხშირად იგი პირადად მოუწოდებდა ახალგაზრდებს, რომ შესაბამისად ჩაეცვათ და გარკვეული დისტანციაც დაეჭირათ.

მისი თქმით, ისინი ხშირად მეუფესთან რეზიდენციაში, სახლში მიდიოდნენ და არა ტაძარში: „დაქალები შეიკრიბებოდნენ ხოლმე, ხუთი, ათი გოგო. ვინც მეუფეს ბუნებას იცნობს, ამაში ცუდს ვერაფერს დაინახავს, მაგრამ, განმკითხველმა თვალმა სხვანაირად დაინახა. ყველა ვერ გაგიგებს შინაგანად შენ რას ფიქრობ, ვის რატომ ეცი პატივი, ან მანქანაში რატომ იჯექი ვიღაცასთან ერთად“.

მიტროპოლიტ სერაფიმეს გასაიდუმლოებული წასვლა და ორად გაყოფილი მრევლი
მეუფეს რეზიდენცია

როგორც არქიმანდრიტი ფოკა ამბობს, ამის გამო ეპარქიაში მამებს მეუფესთან საუბარი არა ერთხელ მოუხდათ, ისევე როგორც მეუფესთან მისულ სტუმრებს, მასაც გარკვეული დისტანციის დაჭერას, იმ მიზნით სთხოვდნენ, რომ ვიღაცას რაღაცა ცუდად არ ეფიქრა: „ძნელი იყო რაიმეს შეცვლა. ასეთი იყო ბუნებით აქამდე და რაიმე რომ შეეცვალა ამ ახალგაზრდებთან ურთიერთობაში, გასაკვირიც იქნებოდა, არ იტყოდნენ აქამდე სხვანაირი იყო და ახლა რა დაემართაო?!“

მას შემდეგ, რაც ეპარქიაში ეს საკითხი განიხილეს და გადაწყვიტეს, რომ ყველაფერი ისე უნდა დაეტოვებინათ, როგორც აქამდე იყო, მეუფეს განკითხვა ხალხში გაძლიერდა. საბოლოოდ, კი ეს ყველაფერი სასულიერო პირებამდე მივიდა: „სხვა სარჩული დაუდეს ამას და უმძიმესი იარლიყი მიაკერეს. ამან იმდენად შოკში ჩააგდო მეუფე, რომ ცუდად გახდა, სასწრაფოც ბევრჯერ გამოვიძახეთ. ამიტომ, ეპარქიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება ისე მიიღო, არავისთვის არაფერი უკითხავს“.

არქიმანდრიტი ფოკა მიიჩნევს, რომ მეუფემ ეპარქიიდან წასვლით, რაიმე კი არ მოაგვარა, პირიქით, გაართულა: „ვერც სააპტრიარქო აკეთებს განცხადებას ახლა, წახვედი და მაგით რა დაამტკიცე?! მაგრამ, ის თუ, რატომ წახვედი, როგორ გინდა რომ ახსნა“.

სახელმწიფოს როლი

უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საპატრიარქოზე მეტად აქცენტს საგამოძიებო ორგანოებზე აკეთებენ და აცხადებენ, რომ მომხდარზე ძიება უკვე უნდა დაეწყოთ.

„ამას უნდა შევხედოთ როგორც ბავშვის მიმართ შესაძლო ჩადენილ დანაშაულს, თან იმისგან დამოუკიდებლად, თუ ვინ არის ამ სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი. საკმაოდ მძიმე ბრალდებებზეა საუბარი და კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები ყველა ადამიანზე თანაბრად უნდა ვრცელდებოდეს“, – ამბობს „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელი ანა არგანაშვილი.

როგორც „სამხრეთის კარიბჭეს“ სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში განუცხადეს, „ამ ეტაპზე მომხდარზე ძიება არ მიმდინარეობს“.
გამოძიება არც შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუწყიათ: „არანაირი ინფორმაცია არ შემოსულა, არავის მოუმართავს“.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადვოკატი რევაზ აჭარაძე ამბობს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, გამოძიება იწყება მაშინ, როცა არსებობს ინფრომაცია შესაძლო დანაშაულის შესახებ, ეს ინფორმაცია კი შესაძლოა გავრცელებული იყოს მედიის მიერ: „რაც ამ საკთხთან დაკავშირებით ინფორმაცია ვრცელდება, შესაძლო დანაშაულის ნიშნები იკვეთება და ამიტომ, გამოძიება უპირობოდ უნდა დაიწყონ. საქმის შესწავლამდე ძნელია კვალიფიკაციაზე ისაუბრო და თან ეს პროკურატურის პრეროგატივაა, მაგრამ, პირველი რასაც იურისტი მომხდარიდან გამომდინარე იფიქრებს, ეს სსკ–ის 141–ე მუხლი, გარყვნილი ქმედების მცდელობაა“.

ამ დროისთვის ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიას ახალი ეპისკოპოსი ლაზარე სამადბეგიშვილი ჰყავს. იგი აღნიშნულ პოზიციაზე 5 იანვარს დაინიშნა და ამბობს, რომ ჯერ კარგად არც მრევლს და არც სასულიერო პირებს იცნობს. ბორჯომის ახალი მეუფე ეპარქიაში შექმნილ ვითარებაზე საუბარს თავს არიდებს. რაც შეეხება მის როლს ორად გაყოფილი ეკლესიისა და მრევლის საკითხის მოგვარებაში, ამბობს: „გარდა სიტყვიერი მოწოდებისა და სიყვარულის გამოხატვისა, მე არაფერი შემიძლია, დანარჩენი მათ სინდისზე იყოს“.

მიტროპოლიტ სერაფიმეს გასაიდუმლოებული წასვლა და ორად გაყოფილი მრევლი
მეუფეს რეზიდენცია

[თამუნა უჩიძე, ბორჯომი]


17.10.2017 ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა სკოლებში – ომბუდსმენის ანგარიში

17.10.2017 საქართველოს სკოლებში ბულინგი და უცხო პირების შეღწევა კვლავ პრობლემაა – ომბუსდმენი

11.10.2017 არჩევნები შედგა, მაგრამ სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში რექტორის საკითხი ისევ დავის საგანია

11.10.2017 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობას მერაბ ბერიძე შეასრულებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.10.2017 ‘თანასწორობა იგებს’ – აქცია ახალციხეში

19.10.2017 ცოლის ქამრით ცემაში ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

18.10.2017 ასპინძის გამგეობას თანამშრომლები ტოვებენ – წყარო სუს–ის ზეწოლაზე საუბრობს

18.10.2017 ახალციხის მერობის კანდიდატების ხედვები პარკინგის პრობლემის მოგვარებაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

მსგავს თემაზე

თამაზ ლომიძის ინფორმაციით, გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიის დროებით მმართველად მიტროპოლიტი გერასიმე დაინიშნა
ბორჯომში მრევლმა  მეუფე  სერაფიმეს მხარდასაჭერად აქცია გამართა
საპატრიარქოს განცხადება მეუფე სერაფიმეს ეპარქიიდან წასვლის შესახებ
ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის ხელმძღვანელად ეპისკოპოსი ლაზარე დაინიშნა
სად არის მეუფე სერაფიმე
მიტროპოლიტ სერაფიმეს სინოდმა მღვდელმოქმედება აღუდგინა
ბორჯომ – ბაკურიანის მეუფემ ეპარქია დატოვა