FM97.5 / LIVE

წვიმის ანაბარად დარჩენილი გლეხები

მთავარიეკონომიკა 16.04.2012
გაკორდებული მიწები და ამორტიზებული სარწყავი არხები; არის თუ არა სარწყავი წყალი საერთო პრობლემა ადიგენის მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფლისთვის

გლეხების დიდ ნაწილს ჯერ ყანები არ მოუხნავს, თუმცა, მკაცრი ზამთრის შემდეგ ცხელ ზაფხულს ელიან, ამიტომ ამბობენ, რომ მათი მოსავლის რაოდენობა ამინდზე იქნება დამოკიდებული. ადიგენის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ სოფელში სარწყავი არხები არ არსებობს. იმ სოფლებში კი სადაც საირიგაციო სისტემა დღემდე შემორჩა, მილები და საქაჩები მწყობრიდანაა გამოსული და არ ფუნქციონირებს. ამდენად, ძირითადად იმ სოფლებში და იმ მიწების ნაწილი ირწყვება, რომლებიც მდინარე ოცხეს ესაზღვრება.

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ბოლაჯურში, ბენარაში, ვარხანში, წახანსა და ხარჯამში - თითო კომლს სახნავ-სათესი ფართობი ერთი ჰექტარი და 25 მეასედი აქვს. თუმცა აქედან, მხოლოდ 2000-3000 მეტრს თუ ამუშავებენ.

- “სარწყავი რომ იყოს, სოფელში ამდენი გაკორდებული და დაუმუშავებელი მიწა არ იქნებოდა. ხალხი იძულებულია ყანები სათიბად აქციოს. თუ სარწყავი გვექნება, დაუმუშავებელი ერთი მეასედიც კი არ დარჩება”, - ამბობს ბოლაჯურში მცხოვრები გიორგი ბურძენიძე.

მისი თქმით, სოფელში სარწყავი არხი არის, მაგრამ მხოლოდ ერთი საქაჩი ემსახურება და არ ჰყოფნით: “მატორებიც” იყო მაგრამ დაიწვა, რამდენჯერმე მოიტანეს და არ გამოდგა. ახალი რომ დამონტაჟდეს, სითბო უნდა იყოს. გამგეობა დაგვპირდა, რომ გაგვიკეთებს”.

ბურძენაძის განმარტებით, თუ ბოლაჯურში ერთ საქაჩს კიდევ დაამატებენ, მაშინ ის მეზობელ სოფლებს, პატარა სმადასა და ენთელსაც მოემსახურება.

- “სარწყავი არხებისთვის თანხა იყო გამოყოფილი, მაგრამ არაფერი გაკეთებულა, ფული შეჭამეს. უპატრონოდ ვართ მიტოვებული, მილები დაჟანგებული და გაფუჭებულია”, - აცხადებს ვარხანში მცხოვრები ნოდარ მსხვილიძე.

მეზობელს ეთანხმება ლევან დემეტრაძე: “ყოველწელს ვითომ რაღაცას აკეთებენ, ფულსაც გვაძლევენ, მაგრამ ამ დრომდე არაფერია გაკეთებული”.

ვარხანში არსებული 360 ჰექტარი სახნავ-სათესი ფართობიდან, მხოლოდ ნაწილი, ანუ ის ადგილები ირწყვება, სადაც მდინარე ოცხე ჩამოდის. ურწყავ ნიადაგზე მოსახლეობა ძირითადად სიმინდსა და ხორბალს თესავს.

სარწყავი წლის პრობლემა თითქმის მოგვარებულია ბენარაში, თუმცა, ეს მხოლოდ იმიტომ რომ მდინარე სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს თითქმის მთელ სიგრძეზე გაყვება.

იგივეს ვერ ვიტყვით ხარჯამზე, სადაც 45-მდე კომლი ცხოვრობს. აქ მიწები ბოლოს, როგორც ადგილობრივები ამბობენ, კომუნისტების დროს მოირწყა, მაშინ კომბოსტო ტონობით მოჰყავდათ და სოფელიც ეკონომიურად უფრო ძლიერი იყო. ახლა კი ხარჯამში მიწას მხოლოს ის რწყავს, ვისაც ბენზინის ყიდვის საშუალება აქვს და ოცხედან საკუთარი სახსრებით წყალს ამოქაჩავს, ან გაუმართლა და მისი ნაკვეთი მდინარესთან შედარებით ახლოსაა.

- “სარწყავი არხი გვაქვს, მაგრამ გაფუჭებულია. ამიტომ ღვთის ანაბარად ვართ დარჩენილი”, - გვიხსნის ხარჯამში მცხოვრები მზია გვარამაძე და ამატებს, რომ იმ ადგილებში, რომლებიც მდინარესთან შედარებით ახლოსაა, ბოსტნეულს თესავენ, დანარჩენ ფართობებზე კი, ისე როგორც მეზობელ სოფლებში - სიმინდსა და ხორბალს.

ანალოგიურია ვითარება წახანშიც. აქ თითო კომლი დაახლოებით 2000 მეტრს ამუშავებს, დანარჩენს სათიბად იყენებენ.

- “სადაც ვრწყავთ, კარტოფილს და საქონლის ჭარხალს ვთესავთ. საქაჩი არის სოფელში, მაგრამ დაზიანებულია”, - ამბობს წახნელი ეკა ბიბიჩაძე.

საირიგაციო სისტემა რომ სოფლებისთვის დიდი პრობლემაა, “სასოფლო-საკონსულტაციო სამსახურის” დირექტორი გურამ ჯინჭველაძეც საუბრობს: “ნაკვეთების დიდი ნაწილი ურწყავია. ეს იმას ნიშნავს, რომ ის სოფელი მკვდარია, რადგან იქ ვერ თესავს ბოსტნეულს დიდ ფართობზე. ამის გამო კი ავტომატურად მეცხოველეობაზე არიან გადართულნი”.

ჯინჭველაძის თქმით, ერთსა და იმავე ფართობზე მორწყვის შემთხვევაში თუ შეიძლება მოვიდეს 50-60 ტონა კარტოფილი, მოურწყავობის გამო ხუთ ტონას მიიღებ: “კარტოფილის და ბოსტნეული კულტურების დათესვა ურწყავ ნიადაგზე დიდი რისკია, შეიძლება მთელი მოსავალი გაფუჭდეს. ამიტომ, გლეხმა მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს ნაკვეთის ის ფართობი, რომელსაც რწყავს, ასე ჯიბეში ფულიც დარჩება”.

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ სოფლებში სარწყავი წყლის პრობლემა არ აქვთ. წახანში, ხარჯამში და ვარხანში არხებს თუ სადმე რაიმე პრობლემა ჰქონდათ, გასულ წელს არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეაკეთეს. ბოლაჯურში საქაჩისთვის 74 ათასი ლარი დაიხარჯა და გააკეთეს კიდეც.

- “რაც შეეხება ვარხანს, თუ სოფელში ექვსი-რვა წლის წინ გამოყოფილ თანხებზე საუბრობენ, ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ამ მიმართულებით ბოლო დროს თანხა არ გაგვიწერია, - ამბობს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი სიმონ პარუნაშვილი - სარწყავის პრობლემა მხოლოდ ნაქურდევში, ჩორჩანში, დიდ და პატარა სმადაშია და წელს აქაც მოვაგვარებთ”.

ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯტში სარწყავი არხების, ნაპირსამაგრების და საგუბრების რემონტისთვის 55 000 ლარია გამოყოფილი. რადგან გამგეობაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ხუთ სოფელში სარწყავი სისტემების პრობლემა არაა, შესაბამისად აღნიშნული მუხლიდან მათთვის თანხა არც გაიწერება.

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


22.10.2019 სახალხო დამცველის შეხვედრა ახალციხის უნივერსიტეტში

22.10.2019 FLEX - ის გაცვლით პროგრამაში მოსახვედრად სამცხე–ჯავახეთიდან 83 მოსწავლე იბრძვის

18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.10.2019 ‘საპნის ყიდვასაც რექტორთან ვათანხმებდით’ - ობსერვატორიის თანამშრომლები ილიაუნზე

22.10.2019 ნინო ლომჯარია ახალციხეში განსახლებულ დევნილებს შეხვდა

22.10.2019 7 თვეში სამცხე–ჯავახეთში საპენსიო სისტემა 4 720 ადამიანმა დატოვა

22.10.2019 ნიჯგორში აღადგენენ გზას, რომელიც წყლის სისტემის მშენებლობისას დაზიანდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

წვიმაზე დამოკიდებული მოსავლიანობა
‘ცას შევცქერით, რომ იწვიმოს!’– ადიგენის 15 სოფელში მორწყვა კვლავაც პრობლემაა
ადიგენის სოფლებში სარწყავი სისტემების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ასპინძელებს მორწყვის იმედები გაუცრუვდათ
სოფელ არალში მცხოვრებლები მერიას სარწყავი მილების შეკეთებას სთხოვენ
ირიგაციის პრობლემა – ადიგენის მერობის კანდიდატების გეგმები
ასპინძაში სოფლების უმრავლესობა რწყვის სეზონს წვიმის იმედად ხვდება