FM97.5 / LIVE

ვანო მერაბიშვილის დედამ სკოლის მოსწავლეები და დამლაგებელი სცემა

მთავარისაზოგადოება » განათლება 14.02.2013
ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორმა, ”ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის დედამ ჟენია მერაბიშვილმა მოსწავლეები და დამლაგებელი სცემა.

ვანო მერაბიშვილის დედამ სკოლის მოსწავლეები და  დამლაგებელი სცემა
ჟენია მერაბიშვილმა გუშინ, დილით, სკოლაში დაგვიანების გამო, მეთერთმეტე კლასის მოსწავლე გოგონა თმით ითრია, მისი ორი თანაკლასელი კი ქოლგით სცემა. მანამდე კი ხელფასის დაკლების გამო უკმაყოფილო დამლაგებელი საკუთარ კაბინეტში დაიბარა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ბოლოს ხელითაც შეეხო.

ამ ფაქტის შესახებ ”სამხრეთის კარიბჭესთვის” ცნობილი დღეს დილით გახდა. თუმცა, ამბის გასარკვევად სკოლაში მისულებს არავინ დაგველაპარაკა. ათობით გამოკითხულმა მოსწავლემ მომხდარის შესახებ უარყო. ფაქტი არ დაადასტურეს არც მანდატურებმა. რადგან სამასწავლებლოში ასვლის ნება არ დაგვრთეს, რამდენიმე პედაგოგი ჩვენთან შესახვედრად პირველ სართულზე ჩამოვიდა.

- ”ჩვენი თვალით არაფერი გვინახავს, ვერაფერს გეტყვით”, - გვითხრეს მათ.

რედაქციაში დაბრუნებისას ”სამხრეთის კარიბჭეს” ცხელ ხაზზე უცნობი პირი დაუკავშირდა. მან ნაცემი მოსწავლეების ვინაობისა და ასევე, ნაცემი დამლაგებლის შესახებ გვითხრა.

- ”გუშინ სკოლაში მოსწავლეები ნამდვილად სცემა დირექტორმა. ჟენიამ სცემა ერთი დამლაგებელიც”, - გვითხრა უცნობმა სატელეფონო საუბარში.

უცნობი რესპონდენტის განცხადებით, დირექტორმა თმით ითრია მეთერთმეტე კლასის მოსწავლე (სახელები შეცვლილია ”ს.კ”) ნინო ბერიძე, ნათია კაპანაძე და გიორგი მაისურაძე კი ქოლგით სცემა.

გოგონას დედამ, რომელიც დირექტორმა თმით ითრია, პრესასთან დუმილი ამჯობინა. მომხდარის შესახებ ვერ უარყო და გვითხრა: ”მეშინია, ვერაფერს გეტყვით, იმას ჰკითხეთ, ვისაც გამბედაობა ეყოფა და ამ ყველაფერს მოგიყვებათ”.

ის, რომ დირექტორმა მისი თანაკლასელები სცემა, გიორგი მაისურაძემაც დაგვიდასტურა.

- ”ნინოს თმა ჰქონდა გაშლილი, ამიტომაც თმაში სწვდა. ნათიაც ატირებული შემოვიდა გაკვეთილზე, უცემია. მე მხოლოდ შენიშვნა მომცა, სხვა დროს აღარ დაიგვიანოო”, - ამბობს მასურაძე.

თუმცა, მისი თანაკლასელის ნათია კაპანაძის თქმით, ქოლგა გიორგისაც მოხვდა. როგორც ნათია გვიყვება, დირექტორი იმიტომ გაბრაზდა, რომ ბავშვებს სკოლაში დააგვიანდათ.

- ”2 წუთის დარეკილი იყო ზარი, რომ შევედით მე და გიორგი. ყვირილის ხმა გავიგონეთ მეორე სართულიდან და შევჩერდით, არ გვინდოდა ხელში ჩვენც შევრჩენოდით, მაგრამ ამ დროს უკნიდან მანდატური მოგვადგა და გვითხრა, სასწაფოდ ზემოთ ავსულიყავით. რომ ავედით, 4 ბავშვი უკვე დირექტორს კაბინეტში ჰყავდა შეყვანილი, ჩვენც შეგვიყვანა, დაგვამწკრივა ერთ მეექვსე კლასელს ქოლგა გამოართვა და ის გვირტყა”, - გვიყვება ნათია კაპანაძე.

ერთ-ერთი პედაგოგის თქმით, რომელიც ამ ამბის მომსწრე იყო, ნათიას ტირილისგან ისტერიკა დაემართა: ”ბავშვს ვეღარ ვაწყნარებდით. თქვა, რომ სკოლიდან წავიდოდა. სკოლიდან წასვლით დაიმუქრა ის გოგონაც, რომელიც თმით ითრია, ორივე მხრიდან რომ ჩაწვდომია თმაში, ისე უთრევია, რომ ლამინატი მოუპრიალებია”.

პედაგოგმა სკოლიდან ბავშვების გადასვლის შესახებ დღეს მოსწავლეებს თავად ჰკითხა: ”გოგონამ, რომელიც თმით ითრია, მეექვსე სკოლაში სცადა გადასვლა, მაგრამ დირექტორს უთქვამს, რომ ადგილი არ არის და ახალ კლასსაც ვერ გახსნის, რადგან ფიზიკურად შენობაში თავისუფალი ოთახიც არაა”.

მომხდარის შესახებ განცხადების დაწერა მხოლოდ ნათია კაპანაძის მშობელმა სცადა.

- ”ძალიან ვთხოვე დედას, რომ თავი შეეკავებინა, რადგან ჩვენს გარდა ხმას არავინ იღებდა. სკოლიდან ჟენიას მოშორება ყველას უნდა, მაგრამ ამის გაკეთებას ყველა მხოლოდ ჩვენით ცდილობს. თუ დედა ამოიღებდა ხმას, მაშინ ყველას მშობელი გვერდით უნდა დაგვდგომოდა, მაგრამ ეს არც სხვა მშობლებმა და არც რომელიმე მასწავლებელმა გააკეთა. ამიტომ ჩვენც დუმილი ვარჩიეთ, - გვითხრა კაპანაძემ და დაამატა, რომ ამ ყველაფერს ერთ-ერთი მანდატურიც უყურებდა, - მანდატურმა ჩემს თვალწინ დაურეკა თავის უფროსს, მომხდარის შესახებ უთხრა, მაგრამ არ ვიცი მიიღებენ თუ არა რაიმე ზომას. ასე სკოლაში ხშირად ხდება, თუ ცუდ ხასიათზეა დირექტორი, იმას სცემს ვინც ხელში მოყვება”.

მეხუთე საჯარო სკოლის დამლაგებელი, რომლის ვინაობასაც ”სამხრეთის კარიბჭე” შეგნებულად არ ამჟღავნებს, გვიყვება, რომ დირექტორთან ურთიერთობა ხელფასის დაკლების გამო დაეძაბა.

- ”რომ გავიგე ხელფასი ჩამომაჭრეს, ვთქვი, მაგან არ გაიხაროსო, ენა მიუტანა ვიღაცამ დირექტორს და კაბინეტში დამიბარა. უშვერი სიტყვებით მლანძღა, დებილი მეძახა, შენ ჩემთან ვინ ხარ, რომ მაგის თქმას ბედავო და დამარტყა. მერე სკოლის დასარეკ ზარს წვდა და წამოიწია, თავში უნდა ჩაერტყა, მაგრამ გავეცალე, ზარი აღარ მომხვედრია”, - გვითხრა დამლაგებელმა.

მისი თქმით, ჟენია მერაბიშვილს ”თანამშრომლები ტერორში ჰყავს, მაგრამ ხმის ამოღებას სკოლაში ვერავინ ბედავს”.

”სამხრეთის კარიბჭემ” ჟენია მერაბიშვილს კომენტარის ჩასაწერად სახლში მიაკითხა. მან სკოლაში ჩვენი ყოფნის შესახებ უკვე იცოდა.

- ”ბავშვს თმაზე ხელი მოვკიდე, დაგვიანება შეიძლება მეთქი?! სულ ეს იყო და ასეთი ამბავი უნდა ატეხოთ?! აღშფოთებული ვარ თქვენით”, - გვითხრა გამოჩენისთანავე ჟენია მერაბიშვილმა.

კითხვაზე, ჰქონდა თუ არა ნამდვილად ადგილი მოსწავლეების ცემის ფაქტს, გვიპასუხა: ”მე რატომ უნდა მეთრია თმით მოსწავლე, მე რა შუაში ვარ?! მაგაზე კლასის ხელმძღვანელი აგებს პასუხს”.

რაც შეეხება დამლაგებლის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს, მერაბიშვილი ამბობს, რომ მას ხელფასი ბუღალტერმა ნამდვილად დაუკავა, რადგან სკოლას არ ალაგებდა. თუმცა იმას, რომ სკოლის თანამშრომელს შეურაცხყოფა მიაყენა უარყოფს.

- ”პირიქით, თვითონ თქვა ჩემზე, მაგან არ გაიხაროსო, ვკითხე რატომ გვაგინებდა. მე დირექტორი ქალი დამლაგებელს როგორ დავარტყამდი?! ან მისი ფული რაში მჭირდებოდა”, - განაცხადა ”სამხრეთის კარიბჭესთან” მერაბიშვილმა და დაამატა - თუ გინდა, რომ ჩვენ შორის ცუდი არ ჩამოვარდეს, ამაზე ამბის ატეხა არ გინდა. ჩემ ვანიკოს გეფიცები, მსგავსი არაფერი ყოფილა”.

იურისტის ნუგზარ სამარჯიშვილის განმარტებით, ცემა სისხლის სამართლებრივად დასჯადი ქმედებაა, იგი სისხლის სამართლის კოდექსში 125-ე მუხლშია განმარტებული.

- ”ცემა, ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია ისჯება ჯარიმით, ასევე, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 120-დან 180-საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაოებით 15 თვემდე.
ხოლო იგივე ქმედება ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, ეს არის ამავე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული და ისჯება ჯარიმით, ან გამასწორებელი სამუშაოთი, ვადით 15-დან 22-თვემდე. ან თავისუფლების აღკვეთით 1 წლამდე”, - გვითხრა სამარჯიშვილმა.

”სამხრეთის კარიბჭე” მომხდარის გამო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსაც დაუკავშირდა. სამინისტროში მომხდარის შესახებ ჩვენგან შეიტყვეს და მოგვიანებით გადარეკვა გვთხოვეს.

”განათლების სამინისტროს აუდიტის სამსახურმა მოკვლევა დაიწყო”, - გვითხრა მომდევნო დარეკვისას განათლების სამინისტროს პრესსამსახურმა თიკო ფეიქრიშვილმა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


15.11.2018 1+4 პროგრამას დარგობრივი ლექსიკის კურსები ემატება

12.11.2018 სკოლებში ზამთრის არდადეგები 18 დღე გაგრძელდება

12.11.2018 ლია გიგაური ახალციხეში სტუდენტებს სამოქალაქო ინტეგრაციის შესახებ ესაუბრა

12.11.2018 ეროვნული გამოცდების ტესტების ფორმატი იცვლება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.11.2018 ბორჯომის სკვერში საკანალიზაციო სისტემა შეაკეთეს

20.11.2018 ახალციხეში, თამარ მეფის ძეგლის მიმდებარედ, ქუჩის საათი აიღეს

20.11.2018 NGO-ები: ზურაბიშვილის სასარგებლოდ, სავარაუდოდ, ყალბი პირადობები იბეჭდება

19.11.2018 ბორჯომში კოსტავას სახელობის სკვერი ფეკალიებით იტბორება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

მეხუთე სკოლაში მომხდარ ფაქტს სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის
ვანო მერაბიშვილის დედის მიერ მოსწავლეების გალახვას ფსიქოლოგი ეხმაურება
ვანო მერაბიშვილის დედის, ჟენია მერაბიშვილის მიერ გალახული მოსწავლეები - გამოხმაურება მედიაში
მეხუთე კლასელი ბიჭი ამბობს, რომ თანაკლასელმა შეაგინა და ამიტომ სცემა
რესურსცენტრი: 'მეხუთე სკოლაში მომხდარს არავინ ადასტურებს’
მოსწავლეების თქმით, მოხის სკოლაში დირექტორმა გოგონას თავსაფრის ტარება დაუშალა
მოხის სკოლაში მუსლიმი მოსწავლეები საპროტესტო აქციას მართავენ