EMC–ის სამართლებრივი შეფასება მოხის კომისიის გადაწყვეტილებაზე »
სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

EMC–ის სამართლებრივი შეფასება მოხის კომისიის გადაწყვეტილებაზე

მთავარისიახლე, საზოგადოება 04.11.2016
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიგორინგის ცენტრი (EMC) მოხეს კომისიის გადაწყვეტილებაზე სამართლებრივ შეფასებას აქვეყნებს, რომელსაც "სამხრეთის კარიბჭე" უცვლელად გთავაზობთ.

EMC–ის სამართლებრივი შეფასება მოხის კომისიის გადაწყვეტილებაზე
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიგორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში მდებარე, კლუბის სტატუსით რიცხულ, შენობასთან დაკავშირებით არსებული გარემოებების შემსწავლელი კომისიის (შემდომში კომისია) მიერ 2016 წლის 4 ნოემბერს მიღებულ რეკომენდაციას.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, კომისიამ 2016 წლის 3 ნოემბერს მიიღო სარეკომენდაციო ხასიათის გადაწყვეტილება, რომლითაც მუსლიმ თემს მოხეში სალოცავის მოწყობის ორი ვერსია შესთავაზა: 1. სახელმწიფოს მიერ სოფელში არსებული სამლოცველოს (მეჩეთის) შენობის მესაკუთრისგან გამოსყიდვა და სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოსთვის გადაცემა; 2. სოფელში ცენტრალურ ადგილას მეჩეთის აშენებისათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფა. კომისიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მედიასთან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ნიკა ანთიძის მიერ გაკეთებული განცხადებით, კომისიის პირველი გადაწყვეტილება უშუალოდ სადავო შენობას შეეხებოდა და კომისიის გადაწყვეტილებით, რომელშიც ასევე შედიან სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლები, „შენობა არც ერთ მხარეს არ გადაეცემა და მისი განვითარების გეგმაზე პასუხისმგებლობა ძეგლთა დაცის სააგენტომ აიღო, რაც ნიშნავს იმას, რომ უახლოეს მომავალში სააგენტო ამ შენობის დაცვისა და განვითარების გეგმას შეიმუშავებს“. ნ. ანთიძის თქმით, „[..]შენობის დანიშნულება რელიგიური არ იქნება და მისი რომელიმე კონფესიისთვის გადაცემის საკითხი მომავალში დღის წესრიგში არ დადგება.“ თუმცა, კულუტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადების საპირისპიროდ, სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო, მის მიერ რამდენჯერმე შეცვლილი საჯარო განცხადების შემდეგ უთითებს, რომ ე.წ. სადავო შენობის კონფესიურ წარმომავლობასა და სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებით კომისიას არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღია და მიღებული გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ მისი სამომავლო დაცულობის უზრუნველყოფას უკავშირდება. კომისიის გადაწყვეტილებასა და მასთან დაკავშირებულ რადიკალურად განსხვავებულ ინტერპრეტაციებთან დაკავშირებით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, რომლის ხელმძღვანელიც კომისიის თავმჯდომარეა, ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია.

EMC მიიჩნევს, რომ სოფელ მოხეში მდაბარე სადავოდ გამხდარი შენობის ისტორიული და კონფესიური წარმომავლობის შესწავლისა და ისტორიული მესაკუთრისთვის მისი დაბრუნების საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნა რესტიტუციის , როგორც საკუთრების უფლების უზრუნველყოფაზე უარს ნიშნავს და დისკრიმინაციულია.

საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმების შესაბამისად, სახელმწიფომ მართლმადიდებელი ეკლსიის მიმართ საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონების რესტიტუციის ვალდებულება არსებითად შეასრულა, სხვა რელიგიური ორგანიზაციების მიმართ კი სახელმწიფოს რესტიტუციის პოლიტიკა არ გაუტარებია, რის გამოც არადომინანტი რელიგიური ორგანიზაციების ისტორიული საკულტო ნაგებობები ამ დრომდე სახელმწიფო საკუთრებად განიხილება, ზოგიერთ შემთხვევაში კი მათ მართლმადიდებელი ეკლესია იყენებს ან მათზე პრეტენზიას აცხადებს. რესტიტუციის სისტემური და არადისკრიმინაციული პოლიტიკის არ არსებობის პირობებში, სახელმწიფოს ასევე არ გააჩნია ისტორიულ შენობებთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტის მექანიზმები, რაც რელიგიური ხასიათის კონფლიქტების განვითარების მიზეზი ხდება. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს დისკრიმინაციული რესტიტუციის პოლიტიკის შესახებ წლების განმავლობაში მუდმივად უთითებენ საერთაშორისო და ეროვნული ადამიანის უფლებების დაცვის ინსტიტუტები და რელიგიური ორგანიზაციები. შესაბამისად, EMC მიიჩნევს, რომ მოხეში მდებარე შენობასთან დაკავშირებით მიმდინარე დავები, სწორედ რესტიტუციის კანონმდებლობისა და თანმიმდევრული, არადისკრიმინაციული პოლიტიკის არ არსებობის შედეგია და ის მწვავედ აყენებს რელიგიურ ორგანიზაციებისთვის საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონების დაბრუნების საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგების საჭიროებას.

2014 წელს სოფელ მოხეში გამოვლენილი რელიგიური კონფლიქტის შემდეგ, რეგლიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ დაფუძნებული კომისია სადავოდ გამხდარი ისტორიული საკულტო ნაგებობების დავების გადაწყვეტის მექანიზმის შექმნის მცდელობა იყო. ცხადია, რესტიტუციის საკანონმდებლო რეგულაციების გარეშე, დემოკრატიული წესით მოქმედი სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ საკითხის გადაწყვეტა, თვითნებობისა და საკითხის პოლიტიზირების მაღალ რისკებს შეიცავდა. როგორც კომისიის საქმიანობის ანალიზი აჩვენებს, თითქმის 2 წლის განმავლობაში კომისიას არ განუხორციელებელია შენობის ისტორიული და კონფესიური წარმომავლობის შესწავლისკენ მიმართული ღონისძიებები (მათ შორის, ექსპერტიზა ). კომისიის დებულებით განსაზღვრული მიზნების საპირისპიროდ, როგორც ამას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო განმარტავს, კომისია მხარეებს შორის ურთიერთობების დერადიკალიზაციაზე მუშაობდა. 2016 წლის 3 ნოემბერს გამოქვეყნებული გადაწყვეტილებისა და კომისიის მხარეების მიერ მისი განსხვავებული ინტერპრეტაციების შემდეგ, კრიტიკა, რომ კომისიის ფარგლებში სადავო შენობის მესაკუთრის დადგენისა და შესაბამისად, მესაკუთრისთვის მისი დაბრუნების საკითხი არ განიხილება და პრობლემის ამ გზით გადაწყვეტა სახელმწიფოს პრიორიტეტებში არ ექცევა, კიდევ ერთხელ გამყარდა.

EMC მიიჩნევს, რომ მოხის სადავო ნაგებობის ისტორიული მესაკუთრისთვის დაბრუნებაზე უარის თაობაზე სახელმწიფოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი იქნება და საჯარო ლეგიტიმური ინტერესით მისი გამართლება ვერ მოხდება. ადამიანის უფლებების სტანდარტების გათვალისწინებით, ქონების ჩამორთმევის შემთვევაში, დარღვეული უფლების აღდგენის ყველაზე რეალური საშუალება ქონების დაბრუნებაა, სხვა ფორმით ზიანის ანაზღაურება (სხვა სახის ქონების გადაცემა, მონეტარული

კომპენსაცია) კი მხოლოდ მაშინ შეიძლება განხორციელდეს, როდესაც ობიექტური პირობების გამო (e.g. ქონების განადგურების, მაღალი საჯარო ინტერესის მქონე ობიექტად მისი ისტორიული გამოყენების ფაქტები) ჩამორთმეული ქონების დაბრუნება შეუძლებელია. სხვა ქვეყნების რესტიტუციის გამოცდილებები აჩვენებს, რომ პროცესი სწორედ ამ თანმიმდევრულობით ხორციელდება და ისტორიული შენობების დაბრუნებას პრიორიტეტი ენიჭება. ცხადია, შექმნილ სიტუაციაში მხარეებს შორის წარმოშობილი კონფლიქტის პრევენციის ინტერესით მესაკუთრისთვის ქონების დაბრუნებაზე უარი არალეგიტიმური იქნება. შესაბამისად, EMC მიიჩნევს, რომ მოხის საქმეში ისტორიული საკულტო ნაგებობების დაბრუნების ნაცვლად თემისთვის შეთავაზებული ალტერნატიული ქონება არ შეიძლება განიხილებოდეს საკუთრების უფლების აღდგენის სათანადო და სამართლიან ფორმად.

მეტიც, იმის გამო, რომ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ მართლმადიდებელი ეკლესია დავის მხარედ, შენობაზე საპატრიარქოს პრეტენზიების დასაბუთებულობის prima facie შემოწმების გარეშე, გააფორმა, ამით უწყებამ საკითხის პოლიტიზირებასა და გართულებას შეუწყო ხელი. ამ ფორმით შექმნილი დავის პირობებში, ისტორიული მესაკუთრისთვის ქონების დაბრუნებაზე უარი კი დომინანტი ეკლესიის მიმართ სახელმწიფოს ლოიალობის გამოხატულებაა და წინააღმდეგობაში მოდის თანასწორობის პრინციპთან.

აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2016-2017 წწ.) თანახმად, სააგენტოს ერთ-ერთ ძირითად ვალდებულებას „საკულტო-რელიგიური დანიშნულების შენობა-ნაგებობების ისტორიული (კონფესიური) მესაკუთრის განსაზღვრა და შენობა-ნაგებობის გადაცემა, საკულტო-რელიგიური დანიშნულების შენობა-ნაგებობების საკუთრებასთან არსებული დავების სწრაფი, გამჭვირვალე და სამართლიანი გადაწყვეტა“ წარმოადგენს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ მოხეში მდებარე ისტორიული ნაგებობის საკითხი გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების კონტექსტში განიხილოს.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით EMC მოუწოდებს

საქართველოს პარლამენტს

•მიიღოს რელიგიური ორგანიზაციებისთვის საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონების რესტიტუციასთან დაკავშირებული კანონმდებლობა, რაც, მათ შორის, სადავოდ გამხდარი საკულტო ნაგებობების დავის გადაწყვეტის მექანიზმს განსაზღვრავს;

საქართველოს მთავრობას

•შეაჩეროს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ რელიგიური ორგანიზაციებისთვის საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონების რესტიტუციისა და სადავოდ გამხდარ ისტორიულ ნაგებობებთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტისკენ მიმართული სპორადული, გაუაზრებელი პოლიტიკა, რომელსაც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო აწარმოებს;

•უზრუნველყოს რელიგიური ორგანიზაციებისთვის საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზიანისა და რესტიტუციის საკითხების თანმიმდევრული, არადისკრიმინაციული და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტისა და პოლიტიკის მომზადება;

•უზრუნველყოს მოხის საკითხზე, გადაწყვეტილების მიღების საკუთარი პასუხისმგებლობის ქვეშ აღება და რესტიტუციის სისტემური პოლიტიკის შემუშავებამდე, მისი საგამონაკლისო წესით, ადამიანის უფლებების სტადარტების განუხრელი დაცვით გადაწყვეტა, რაც არსებითად საკულტო ნაგებობის ისტორიული მესაკუთრის დადგენასა და მესაკუთრისთვის მისი დაბრუნების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას გულისხმობს;

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს

•შეწყვიტოს რელიგიური ორგანიზაციების კონტროლზე დაფუძნებული პოლიტიკა, რომელიც აღრმავებს რელიგიურ კონფლიქტებსა და გაუცხოებას და რომლის შედეგები მოხის საკითხზე სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოსა და მუსლიმ თემის პოზიციების განსხვავებაში კიდევ ერთხელ გამოჩნდა.

[sknews.ge]


15.08.2018 ახალი სასწავლო წელი სკოლებში 17 სექტემბერს განახლდება

13.08.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორმა აბიტურიენტებს ფეისბუქ ლაივით მიმართა

09.08.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში დაწყებითი განათლების პროგრამამ აკრედიტაცია გაიარა

08.08.2018 აბიტურიენტები გამოცდების შედეგების გასაჩივრებას 9 აგვისტოდან შეძლებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.08.2018 ვითიბი ბანკის ახალციხის ფილიალს ახალი მმართველი ჰყავს

15.08.2018 ბორჯომის მერიამ 11 პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა

14.08.2018 ახალციხეში მინიფეხბურთის ჩემპიონატი უნივერსიტეტის გუნდმა მოიგო

14.08.2018 18 აგვისტოდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი იწყება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

EMC  'მოხეს კომისიის'  გადაწყვეტილებას მუსლიმების  დისკრიმინაციად აფასებს
თამთა მიქელაძე: მოხის კომისიის გადაწყვეტილება პრობლემურია რამდენიმე არგუმენტის გამო
ე.წ. მოხეს კომისიის გადაწყვეტილებაზე დღეს  მუსლიმები განცხადებას გაავრცელებენ
მოხის კომისიის საქმიანობა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში
TDI:მოხეს ნაგებობის საკითხი სისტემური პრობლემის ნაწილია
EMC: ‘ძალადობრივმა პოლიტიკამ შეიძლება სერიოზულ კრიზისამდე მიგვიყვანოს’
TDI: "მოხეს კომისიის გადაწყვეტილება სამართლებრივად დაუსაბუთებელია"