FM97.5 / LIVE

‘დაავადებისგან თითქმის განკურნებულები იყვნენ’– ტუბის დირექტორი სახლში გაშვებულ პაციენტებზე

მთავარისიახლე, საზოგადოება 25.03.2019
აბასთუმნის ტუბსაავადმყოფოდან სახლში ისეთი პაციენტები გაწერეს, რომლებიც აქ წლების განმავლობაში მკურნალობდნენ. ტერიტორია კი, რომელზეც საავადმყოფოს შენობა დგას, ივანიშვილთან დაკავშირებულმა ოფშორში რეგისტრირებულმა კომპანიამ იყიდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ აქ სასტუმროს მშენებლობა იგეგმება.

‘დაავადებისგან თითქმის განკურნებულები იყვნენ’– ტუბის დირექტორი სახლში გაშვებულ პაციენტებზე

აბასთუმნის ტუბსაავადმყოფო 25–ვე პაციენტემა დატოვა. მათ შორის 18, მრავალწლიანი მკურნალობის შემდეგ, სახლში გაწერეს. ექვსი თბილისში ტუბერკულიოზისა და ფილტვით დაავადებულთა ეროვნულ ცენტრში, ერთი კი ფსიქიატრიულში გადაიყვანეს.

არცერთი მათგანი ადგილობრივი არ იყო. მათ ისე დატოვეს საავამდყოფო, რომ „სამხრეთის კარიბჭემ“ ვერცერთ მათგანთან გასაუბრება ვერ შეძლო. ტუბსაავადმყოფოს მედპერსონალი კი ირწმუნება, რომ სახლში გაწერილი პაციენტები, სახელმწიფოსგან ყველა მედიკამენტურ დახმარებას მიიღებენ და ჯანმრთელობის პრობლემები არ შეექმნებათ.

„თითქმის განკურნებულები იყვნენ, ახლა წამლებს ბინაზე მიიღებენ“, – აცხადებს ტუბსაავადმოფოს დირექტორი რევაზ ჟღენტი.

შეკითხვაზე, თუ პაციენტები გამოჯანმრთელებულები იყვნენ, მაშინ სტაციონარში რატომ რჩებოდნენ, ჟღენტი გვპასუხობს: „მკურნალობას არ საჭიროებდნენ. თუმცა მეტი კომფორტის შესანარჩუნებლად ვტოვებდით და ახლა რახან ვემზადებით ახალ სარეაბილიტაციო ცენტრში გადასასვლელად, ამბულატორიულ მკურნალობაზე გადავიყვანეთ“.

სახლში გაწერილი პაციენტების ჯანმრთელობას რომ საფრთხე არ ემუქრება, ამაზე ტუბსაავადმყოფოს ექიმი თამაზ ჯიჯეიშვილიც საუბრობს: „ყველა გადაყვანილია და იქ არის სადაც უნდა იყოს, ჩვენ ვრჩებით ჯერჯერობით საავადმყოფოში შეგვიძლია მივიღოთ ამბულატორიული პაციენტები, დანარჩენი როგორ იქნება არ ვიცით“.

სამედიცინო სფეროს სხვა წარმომადგენლებს ტუბსაავადმყოფოს პაციენტების სახლში გაწერა ბევრ კითხვებს უჩენთ, თუმცა ამაზე ღიად არ საუბრობენ: „ცოტა უცნაურად მეჩვენება ახლა ამბულატორიულ მკურნალობაზე პაციენტების გადაყვანა, თუ არ საჭიროებდნენ სტაციონალურ მომსახურებას აქამდე საავადმყოფოში რატომ ტოვებდნენ და რატომ იხარჯებოდა ამაში თანხა?!“

ჟღენტი კი ირწმუნება, რომ აბასთუმანში ტუბერკულოზით დაავადებულებისთვის სტაციონარის საჭიროება აღარ არსებობს: „თვეებია მხოლოდ 25 პაციენტი გვყავს. მათი რაოდენობა ბოლო დროს აღარ გაზრდილა. აბასთუმანში სამკურნალო დაწესებულების საჭიროება აღარ დგას. ახლა მთელს საქართველოში რომ მოიკითხო 100–150 პაციენტი იქნება ალბათ სტაციონარში დასაწვენი სულ, ამ დროს კი თბილისში ხუდადოვზე 200 საწოლზეა გათვლილი კლინიკაა და ის სრულად აკმაყოფილებს მოთხოვნებს. არც არის დატვირთული ის და ამიტომ თუ მკურნალობა გახდა საჭირო ისიც საკმარისი იქნება“.

თბილისში ტუბერკულიოზისა და ფილტვით დაავადებულთა ეროვნული ცენტრის მიმღებში კი გვითხრეს, რომ კლინიკა გადატვირთულია და პაციენტის აქ მოთავსებისთვის წინასწარ ჩაწერაა საჭირო.

უწევთ თუ არა პაციენტებს ტუბერკულოზის ცენტრში მოსახვედრად რიგში დგომა, ან აქვს თუ არა მნიშვნელობა ტუბერკულოზით დაავადებულებისთვის მკურნალობის ადგილს და ჰავას, ამ და სხვა შეკითხვებზე "სამხრეთის კარიბჭე" ჯანდაცვის სამინისტროდან პასუხს ამ დრომდე ელოდება.

აბასთუმანში მცხოვრებლები კი აცხადებენ, რომ კურორტს აქ არსებული კლიმატის გამო, სამკურნალო ფუნქცია ისტორიულად აქვს და შემთხვევით არ იყო, ის რომ წლების განმავლობაში დაბაში ტუბერკულოზით დაავადებულები მკურნალობდნენ: „ხუდადოვზე რომ დააწვენენ ტუბით დაავადებულებს და ზაფხულში 50–გრადუსამდე ააღწევს ტემპერატურა, დაავადების გადადების საფრთე გაიზრდება. აბასთუმანში კი სხვა ჰავაა, ისტორიულადაც სამკურნალო ფუნქცია აქვს კურორტს და ამას უკარგავენ", – ამბობს ადგილობრივი ნუგზარ დალაქიშვილი.

პაციენტები გაუშვეს, თუმცა საავადმყოფოს 96–ვე თანამშრომელი სამსახურშ რჩება. მათ შორის ხუთი ექიმი, 18 ექთანი, დანარჩენი კი ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ასევე ტექნიკური პერსონალია.

„ახლა აქ ჩვენ მხოლოდ გამოკვლევებზე და გასასინჯად შეგვიძლია მივიღოთ ტუბერკულოზით დაავადებულები და მერე ისევ ამბულატორიულ მკურნალობაზე სახლში გავუშვათ“, – ამბობს ჟღენტი, თუმცა ეს მანამდე, ვიდრე აბასთუმანში ფილტვით დაავადებულთა სარეაბილიტაციო ცენტრი დაიწყებს ფუნქციონირებას. ახალი ცენტრი კურორტიდან სამი კილომეტრის მოშორებით აშენდა. ახლა გარე ფასადი იღებება. შენობა შესაბამისი ინვენტარით მაისის ბოლოს აღიჭურვება. რევაზ ჟღენტი ამბობს, რომ ტუბსაავადმყოფოს ყველა თანამშრომელი მუშაობას ახალ ცენტრში გააგრძელებს – „ეს ისეთი ძალაა ვერ დავკარგავთ. ეს კი არადა იმდენი რესურსი დაგვჭირდება ახალ ცენტრში, რომ ერთი ამდენი თანამშრომლის დამატება კიდევ დაგვჭირდება“.

‘დაავადებისგან თითქმის განკურნებულები იყვნენ’– ტუბის დირექტორი სახლში გაშვებულ პაციენტებზე

ახლადგახსნილ ცენტრში ტუბსაავადმყოფოს თანამშრომლები გადავლენ, თუმცა, სახლში გაწერილი პაციენტები ვეღარ დაბრუნდებიან: „ახალ ცენტრში მოხვდებიან ის ადამიანები, რომლებმაც უკვე იმკურნალეს ტუბერკულუზზე და რეაბილიტაცია სჭირდებათ. ასევე ეს ცენტრი მოემსახურება დაავადებების პრევენციას".

ადგილობრივები ამბობენ, რომ აბასთუმანში ახლა ყველაფერი მხოლოდ ერთი ადამიანის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის სურვილის მიხედვით კეთდება: „ჩამოვიდა ერთი ადამიანი იყიდა აქ რაც უნდოდა და ახლა თავის ნებაზე ატრიალებს ყველაფერს, აღარ უნდა რომ აქ ტუბით დაავადებულებმა იარონ და ამიტომ აბასთუმნიდან ყველა გაუშვა“.

15 თებერვლას ტუბსაავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორია აქუციონის წესით მართლაც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა ოფშორში რეგისტრირებულმა კომპანიამ იყიდა. 16004.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზეც ერთი შენობა–ნაგებობაა განთავსებული, 2974.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ნანგრებვი, ასევე, 4607.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 3 485 000 ლარად შპს „სანაპიროს ხედმა“ შეიძინა. მისი 100%–იანი წილის მფლობელი სააქციო საზოგადოება „ლაიმსთოუნ ფაინანს ინთერნეიშენელია“. ეს კომპანია პანამაშია რეგისტრირებული. რაც შეეხება მის ივანიშვილთან კავშირს, ამის შესახებ 2017 წელს, თბილისში იპოდრომთან დაკავშირებული საკითხების დროს გაირკვა. ოთხ ზონად დაყოფილ ტერიტორიას იპოდრომთან შპს „ინვესტალ კაპიტალი“ ფლობს, „ინვესტალ კაპიტალის“ 100%–იანი წილის მფლობელი კი სწორედ სააქციო საზოგადოება „ლაიმსთოუნ ფაინანს ინთერნეიშენელია“.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ტუბსავაადმყოფოს ადგილზე ბიძინა ივანიშვილი სასტუმროს აშენებს. ამისთვის კი თადარიგი კიდევ უფრო ადრე დაიჭირა და საავადმყოფოს უკან მცხოვრები 12 ოჯახის გასასახლებლად კურორტზე საცხოვრებელი კოპუსის მშენებლობა დაიწყო.

‘დაავადებისგან თითქმის განკურნებულები იყვნენ’– ტუბის დირექტორი სახლში გაშვებულ პაციენტებზე

აბასთუმნის ტუბსაავადმყოფო სანატორიუმ „ზეკარის“ შენობაში 12 წელი ფუნქციონირებდა. „ზეკარი“ კი 1924 წელს აშენდა. კურორტის გაშენების ისტორია მე–19 საუკუნის ბოლოს რუსეთის დიდი მთავრის გიორგი რომანოვის ჩამოსვლას უკავშირდება. მაშინ გიორგი ალექსანდრეს ძე რომანოვი კურორტზე ფილტვების მძიმე დაავადების სამკურნალოდ დასახლდა. საგანგებოდ უფლისწულისთვის აშენდა სამკურნალო თერმული წყლების აბანო და სასახლე, სადაც მოგვიანებით სანატორიუმი ფუნქციონირებდა.

[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.05.2020 საპატრიარქომ ადიგენში სასულიერო პირს 25 წლიანი იჯარით მიწის ნაკვეთი გადასცა

28.05.2020 ახალციხის მერის მრჩეველმა იმ კომპანიის წილი დათმო, რომლითაც ტენდერებს იგებდა

28.05.2020 საქართველოს მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა

28.05.2020 ახალციხის მერის წარმომადგენელების ნაწილი მათთვის გამოყოფილი საწვავით ვერ სარგებლობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

აბასთუმანში ტუბსაავადმყოფოს დემონტაჟი მიმდინარეობს
აბასთუმნის ტუბსაავადმყოფო დემონტაჟის შემდეგ [ფოტო]
აბასთუმანის ტუბსაავადმყოფო ისე დაკეტეს, რომ ჯერ ახალი არ გაუხსნიათ
აბასთუმნის სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნამ სექტემბრამდე გადაიწია
აბასთუმნის ტუბსაავადმყოფო დასახლებული პუნქტიდან მოშორებით გადააქვთ
როდის დაიწყებს აბასთუმნის სარეაბილიტაციო ცენტრი მუშაობას
‘აბასთუმანში ჰაერი მინდა, წამლით თბილისშიც ვიმკურნალებ’ – პაციენტები კურორტიდან ტუბის გადატანაზე